სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ინვიტროს შესახებ

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც  თანამედროვე, უსაფრთხო და უკვე რუტინული მეთოდია.

 

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ჩვენება?

ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკური ჩვენება გახლავთ უნაყოფობა და ემბრიონის გენეტიკური ანალიზი.

 

რას გულისხმობს ინ ვიტრო განაყოფიერება?

ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხდება არა ფალოპის მილში, არამედ ლაბორატორიულ პირობებში, სადაც ემბრიონისთვის უსაფრთხო და ეფექტური გარემოა შექმნილი.

 

რა არის უნაყოფობა?

თუ ქალის ასაკი <35 წელზე და ერთ წლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილი ითვლება უნაყოფოდ. ხოლო, თუ ქალის ასაკი >35 წელზე, ეს პერიოდი მცირდება 6 თვემდე.

 

როგორი უნაყოფობა არსებობს?

მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, როდესაც სპერმა არ არის სრულფასოვანი და ქალისმიერი, როდესაც რეპროდუქციული ტრაქტის რომელიმე სტრუქტურა ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ასევე არსებობს უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა.

 

რა ეტაპებისგან შედგება ინ ვიტრო განაყოფიერება?

ხდება საკვერცხის მომზადება, კერძოდ მისი სტიმულაცია, იმისათვის რომ გაიზარდოს ფოლიკულები და  მომწიფდეს კვერცხუჯრედები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, სპეციალური კათეტერით შედიან თითოეულ ფოლიკულში და იღებენ ფოლიკულურ სითხეს. სითხე იგზავნება ლაბორატორიაში კვერცხუჯრედების მოძიების მიზნით. მათი მოძიების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება  სპერმატოზოიდით.

 

როგორ ხდება განაყოფიერება?

არსებობს განაყოფიერების ორი გზა. პირველი, როდესაც სინჯარაში განაყოფიერების პროცესი ბუნებრივის იდენტურია. ათასობით სპერმატოზოიდი ცდილობს კვერცხუჯრედში  შეღწევას. ხოლო მეორე, როდესაც ემბრიოლოგს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ხელოვნურად შეყავს ერთი სპერმატოზოიდი (ICSI).

 

როდის ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში?

განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება ზიგოტა. ზიგოტა განვითარების მესამე დღისთვის აღწევს მორულას, ხოლო მეხუთე დღისთვის ბლასტოცისტის სტადიას. სწორედ მესამე და მეხუთე დღეებში ხდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

 

რა ხდება, თუ არ არის სასურველი ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა?

ხდება ემბრიონის გაყინვა და მისი შენახვა საშვილოსნოს მომზადებამდე.

 

როგორ ხდება ემბრიონის გაყინვა?

კრიოპრეზერვაციის ორი მეთოდი არსებობს: „ნელი–გაყინვის“ ტექნიკა და ვიტრიფიკაცია (წყლის კონვერსია მყარ მდგომარეობაში ძალიან სწრაფი გაყინვის მეთოდით კრისტალების ფორმაციის გარეშე).

 

კრიოპრეზერვაციის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?

უპირატესობა ენიჭება ვიტრიფიკაციას, რადგან ემბრიონის დაზიანების სიხშირე უფრო დაბალია.

 

შეიძლება თუ არა დამოუკიდებლად სპერმის ან კვერცხუჯრედების გაყინვა?

შეიძლება, მაგრამ უპირატესობა ენიჭება ემბრიონის გაყინვას, რადგან გაყინვის და გამოლღობის პროცესში ემბრიონის დაზიანების ალბათობა ძალიან დაბალია.

 

ემბრიონის გენეტიკური ანალიზის როგორი სახეები არსებობს?

პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება მონოგენურ დაავადებებზე (PGT-M), პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ქრომოსომის სტრუქტურულ ცვლილებებზე (PGT-SR) და პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ანეუპლოიდიებზე (PGT-A).

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53