სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

პაციენტის ისტორია -გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე

აციენტის ისტორია

გზა ინვიტრო განაყოფიერებამდე

ალბათ ყველა ვინც ოჯახს ქმნის პარალელურად იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე. ზოგი კი ჯერ კარიერის მოწესრიგებას ცდილობს და მერე შვილზე ფიქრს. მეც ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. სანამ დისერტაცია არ დავიცავი ვერ ვიფიქრე შვილის ყოლაზე, რადგან დამხმარე არავინ არ მყავდა ვერ გავრისკე შვილზე ფიქრი.  მაგრამ თურმე არც ასე მარტივად ყოფილა საქმე. გავიდა 2 თვე უშედეგო მცდელობაში. მივედით ექიმთან და ექიმმა გამოგვისტუმრა უკან უარით,  სანამ სულ მინიმუმ 6 თვე არ გავა ; ვერანაირ მკურნალობს ვერ დავიწყებთო.

როგორ გაიწელა ეს 6 თვე ჩემთვის ვერ გეტყვით, საუკუნეს დაემსგავსა. რა თქმა უნდა უშედეგო ლოდინის მერე დავიწყეთ პრობლემის ძიება. აღმოჩნდა რომ პოლიკისტოზური საკვერცხეები მაქვს და ანოვულაციური ციკლის გამო დაორსულება მედიკამენტური დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ყოველგვარი შემზადების და ჰორმონების მოწესრგების გარეშე დავიწყეთ სტიმულაცია, საქართველოში ალბათ მსგავს რამეს არც ერთი ექიმი არ იზამდა, დაიწყებდნენ ჰორმონების მოწესრიგებას და მერე მცდელობაზე გადასვლას. მაგრამ როცა თავს ზევით ძალა არ გაქვს ექვემდებარები ექიმის „ბრძანებას“.

გავიკეთეთ ერთ სტიმულაცია, არანაირი შედეგი. დავუმატეთ დოზები, მაინც ვერ დავძარით საკვერცხეები. დავამატეთ დექსამეტაზონი და უცებ ისეთ რეაქცია მივიღეთ რომ საჭირო გახდა გაგვეუქმებინა ციკლი. მოკლედ, რომ ვთქვათ სულ მცირე 3 წელი მოვუნდით უშედეგო მცდელობებს. ბოლოს გადავწყვიტეთ ხელოვნური განაყოფიერება გაგვერისკა. ისევ ყველანაირი მომზადების გარეშე დავიწყეთ ციკლი. რომელიც მხოლოდ ერთ ემბრიონის მიღებით და ისიც ქიმიური ორსულობით დასრულდა. მაშინვე შემოგვთავაზეს მეორე მცდელობა, რომელშიც ფაქტიურად არაფერს არ ცვლიდნენ და ისევ ისე ბრმად უნდა გვეცადა. რაზეც უკვე კატეგორიული უარი განვაცხადე და დავიწყე ფიქრი ჩემი ბედი ქართველი ექიმებისთვის მიმენდო.

დავუკავშირდი რამოდენიმე ექიმს, სატელეფონო საუბრებით გამომკითხეს, მთხოვეს სხვადასხვა გამოკვლევების გაკეთება. ჰორმონალური ფონის მოწესრიგება და მერე ფიქრი ხელოვნურ განაყოფიერებაზე.

ამ შერჩევაში ჟორდანიას კლინიკაზე კერძოდ ქალბატონ ნანაზე (ნანა ჯანელიძე) შევაჩერეთ ყურადღება და მივენდეთ მის დანიშნულებას. უკვე გაწერილი გეგმის წყალობით როგორც კი ჩავფრინდებოდი საქართველოში მაშინვე დავიწყებდით მკურნალობას. საქართველოში წამოსვლა ყოველთვის მიხარია მაგრამ ეხლა ეს ფრენა სულ სხვა სიხარულით იყო სავსე. სიხარულით და იმედებით.

 2 ეტაპი

ეხლა ვინც კითხულობთ ამ ამონრიდს ჩემი „დღიურიდან“ მინდა გითხრათ რომ უამრავი მსგავსი ამონარიდი მაქვს წაკითხული ამ რთული პერიოდის დროს. ბევრი დამეხმარა იმ მძიმე წუთების, წამების თუ დღეების გადატანაში. ამიტომ მინდა, რომ მეც დავწერო ჩემი თავგადასავალი, რომ თქვენ ამ ამონარიდის მკითხველს დაგეხმაროთ და იმედის ნაპერწკალი ჩაგინერგოთ. თითქმის ხუთი წელი მოვანდომე იმას რომ დედა გავმხდარიყავი, ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძლინე როგორც ექიმის, ასევე მკურნალობის არჩევაში. ძალიან ძნელია როცა გეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვს არც შენ და არც მეუღლეს მაგრამ ორუსლობა არ დგება. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებაა. დიდხანს ვებრძოლე ამ იდეას რომ ამერჩია მკურნალობის ეს მეთოდი მაგრამ ბოლოს გავბედე და გავაკეთე. რა თქმა უნდა ამ ეკლიან გზაზე მეუღლის თანადგომის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, ყველაფერს ეთანხმებოდა რაც მე მინდოდა, ოღონდ კი გამოსულიყო. ამ ხუთ წლის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება გამოვიარეთ, მაგრამ იმედს ბოლომდე არ ვკარგავდი. ყველაზე მეტად რამაც გადამაწყვეტინა ინვიტროს გაკეთბა ქალბატონ ნანა ჯანელიძესთან იყო ის რომ მომისმინა და თავს არ შემომახვია ზოგადი გამზადებული პროტოკოლი, რომელიც სხვა ექიმებს ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. ჩემს შემთხვევას მიუდგა როგორც ინდივიდუალურ პაციენტს და არა როგორც ზოგადად ინვიტრო პაციენტს, ინდივიდუალური დოზირებით და მიდგომით. რა თქმა უნდა ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ ამიტომ მკურნალობის პროცესში გეგმები შედარებით შეუცვალა, ქალბატონი ნანა ჩემთან ერთად განიცდიდა თითოეულ ცვლილებას და მამხნევებდა რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იქნებოდა. როგორც იქნდა დიდი ლოდინის და მომზადების მერე გადატანა გავაკეთეთ და მესამე დღეს გამოვფრინდი ჩემს მეორე სამშობლოში იმ იმედით რომ 10 დღეში დადებითი პასუხი მეჭირებოდა ხელში. ეს 10 დღე იყო ყველაზე გრძელი 10 დღე.... მაგრამ უბედნიერესი მეათე დღე. დადებითი პასუხი მეჭირა ხელში და ველოდი შემდეგ ექიმის ვიზიტებს რომ უფრო და უფრო ბედნიერი გავმხდარიყავი.

3 ეტაპი

დადებით პასუხი - დღესაც მახსოვს ეს განცდა, დილით მივედი ლაბორატორიაში და ჩავაბარე სისხლის ანალიზი, უდიდესი იმედით რომ დადებით პასუხი იქნებოდა. ეს იყო უსასრულო და უგრძელესი დღე ჩემს ცხოვრებაში. თითოეული ზარი ადრენალინის უსაშველო მომატებას იწვევდა სისხლში და გულის აჩქარებას ვუძლებდი დადებით პასუხის იმედით. როგორც იქნა დღის ბოლოს დამირეკეს და მახარეს, რომ მალე დედა გავხდებოდი. სულ მთლად ესეც არ არის, 48 საათში კიდევ უნდა გადაგვემოწმებინა სისხლის ანალიზი რომ დავრწმუნებულიყავით ნაყოფის ზრდაში. ეგეც არაფერი- გადავიტანე და როგორც საჭირო იყო ისე იმატებდა  ჰორმონები სისხლში. ეხლა მეხუთე კვირას ველოდით რომ გვენახა ჩვენი სიყვარულის დიდი ნაყოფი. დავინახეთ ჩვენი პაწაწუნა და გულიც ისე ამიფანცქალდა როგორც ჩემს ერთადერთს უფანცქალებდა იმ წამს 170 დარტყმა წუთში. ეს იყო უბედნიერესი მომენტი როცა შენი შვილის გულის ცემა გესმის შენში. ამ დღეს ველოდი 5 წელი და მოვესწარი. ვიყავი უბედნიერესი „დედა“.

მალე გავიგეთ, რომ გოგონას ველოდებოდით. მთელი ბედნიერება თურმე წინ მელოდა. მისი პირველი გაფართხალება და შეგრძნება, რომ ჩემს გულთან იყო ჩემი ერთადერთ სიხარული და სიყვარულის ნაყოფი. თითოეულ მის გაფართხალებას მოუთბენლად ველოდი. ასე გავიდა ბედნიერი 40 კვირა და დაიბადა ჩვენი ულამაზესი გოგონა. ისეთი დიდი ემოციები მქონდა მის დანახვაზე, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა და ისტერიული ტირილი დავიწყე. ერთი სული მქონდა როდის დამაწვევნდნენ გულზე და ვიგრძნობდი მის პირველ შეხებას.

მინდა, რომ ყველა ქალმა გამოსცადოს ეს დიდი ბედნიერება რასაც დედობა ჰქვია. ამისათვის საჭიროა რომ ოცნებას თავი არ დაანებოთ და ფარ-ხმალი არ დაყაროთ, იბრძოლეთ სანამ ძალა გაქვთ, მისი ხმის გაგონების თანავე 5 წლის წვალება, ნემსები, ანალიზები ერთ წამში დამავიწყდა. ეს იყო უდიდესი ბედნერება. დღეს ჩემი სიხარული უკვე წლინახევრის არის. წელიწად ნახევარია მაბედნიერებს და ცხოვრებას მიხალისებს. ყველას, ყველას ვინც ამ ამონარიდს კითხულობთ ეხლა, გისურვებთ ამ დიდი გრძობის განცდას. მალე შეერთებულიყავით დედობის რიგებს!

ნათია ყიფშიძე- ქელმ

ჟორდანიას კლინიკის პაციენტი

ჩვენ გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე  2 99 08 53

ჟორდანიას კლინიკის ინვიტრო განაყოფიერების ცენტრი

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53