სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

მამაკაცის უნაყოფობა – უროლოგიური პრობლემები

უროლოგიური პრობლემებიდან, მამაკაცის უნაყოფობის ჭრილში, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტორები:

ვარიკოცელე – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ხდება მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება. მისი გამომწვევი მიზეზია ვენებში წნევის მატება და ვითარდება უმეტესად პუბერტატულ ასაკში, როდესაც სასქესო ორგანოები იზრდება. მას ახასიათებს ტკივილი, სიმძიმის და ქაჩვის შეგრძნება, თუმცა შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. ვარიკოცელემ შესაძლოა გამოიწვიოს სპერმის ხარისხის საგრძნობი გაუარესება და მისი რაოდენობის შემცირება, რაც მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. სპერმის ხარისხზე გავლენის პათოფიზიოლოგიური მექანიზმი უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს სისხლის მიწოდების დარღვევაა.

ეაკულაციის დარღვევები – რეტროგრადული ეაკულაცია. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ორგაზმის დროს ეაკულატი მიედინება უკუმიმართულებით და ადის შარდის ბუშტში, გარეთ გამოსვლის ნაცვლად. მას სხვაგვარად მშრალ ორგაზმსაც უწოდებენ. კლინიკურად გამოვლინდება ეაკულატის არ არსებობით ან ეაკულატის მცირე მოცულობით. რეტროგრადული ეაკულაცია არ არის მტკივნეული და არ იწვევს ერექციულ დისფუნქციას. მისი მკურნალობის ერთადერთი მიზანია  მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა.

კრიპტორქიზმი – სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობა. როგორც წესი, ეს პათოლოგია ცალმხრივია, თუმცა 10%–ში გვხვდება ორმხრივად.  სტატისტიკურად კრიპტორქიზმი დროული ახალშობილების 2–5%–ში გვხვდება, ხოლო ნაადრევი ახალშობილების 30%–ში. შემთხვევათა თითქმის 70% სწორდება სპონტანურად 1 წლის ასაკისთვის, ხოლო 30%–ში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. უნაყოფობის კუთხით, მნიშვნელოვანია სათესლე ჯირკვლებზე ტემპერატურული გავლენა, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ნორმაზე მაღალია და ქირურგიული ჩარევის შედეგად განპირობებული დაზიანებები.

სპერმის სატრანსპორტო მილაკების ობსტრუქცია.  სპერმის ტრანსპორტირებაზე რამდენიმე მილაკოვანი სტრუქტურაა პასუხისმგებელი. მათი ობსტრუქცია ანუ დახშობა საფუძვლად უდევს ობსტრუქციულ აზოოსპერმიას. ტუბულების დახშობა შეიძლება გამოიწვიოს: ინფექციურმა დაავადებებმა, ტრავმამ, ქირურგიული ჩარევის შედეგად განხორციელებულმა დაზიანებამ ან უბრალოდ იყოს განპირობებული ანატომიური დეფექტებით, რომლებიც გვხვდება რიგი გენეტიკური დაავადებების დროს.

სქესობრივი დისფუნქცია მოიაზრებს რამდენიმე პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მამაკაცის უნაყოფობა. ესენია: ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ანატომიური თავისებურებები და წყვილის ფსიქოემოციური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ სქესობრივ ურთიერთობაზე.

ანამნეზში უროლოგიური და პროქტოლოგიური ოპერაციები. კონკრეტული ქირურგიული ჩარევა, მაგალითად ვაზექტომია, განაპირობებს ეაკულატში სპერმის არარსებობას. ოპერაციები სკროტუმზე, სათესლე ჯირკვალზე, სათესლე ჯირკვლის დანამატზე და სწორ ნაწლავზე შეიძლება გახდნენ მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი, როგორც ქირურგიული ნორმის, ასევე გართულების სახით.

მადლობა, რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს!

კონსულტაციაზე ჩასაწერად და ინფორმაციისთვის: 2 99 08 53

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

 

 

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53