სიახლეები

  1. მთავარი
  2. სიახლეები

მამაკაცის უნაყოფობა-სხვა გარემო ფაქტორები

 

კონკრეტულ გარემო ფაქტორებთან ჭარბი დოზით კონტაქტს/შემხებლობას შეუძლია გავლენა მოახდინოს სპერმის ფუნქციურ და/ან რაოდენობრივ მაჩვენებელზე. ეს გარემო ფაქტორებია: ტოქსინები, ქიმიური ნაერთები და სიცხე. უფრო კონკრეტულად კი:

  • სამრეწველო–ინდუსტრიული ქიმიური ნარჩენები. ხანგრძლივმა კონტაქტმა კონკრეტულ ქიმიურ ნაერთებთან, პესტიციდებთან, ჰერბიციდებთან, ორგანულ გამხსნელებთან და საღებავებთან, შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოსპერმია, ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობის დაქვეითება.
  • მძიმე მეტალები. როგორც პირდაპირმა, ასევე არაპირდაპირმა კონტაქტმა ტყვიასთან ან სხვა მძიმე მეტალებთან, შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა. მძიმე მეტალების გავლენა სპერმის მონაცემებზე ინდივიდუალურია ყველა სამედიცინო შემთხვევის დროს და იგი შეიძლება მოიცავდეს როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს.
  • რადიაცია ან რენტგენის სხივები. რადიაცია გავლენას ახდენს სპერმის რაოდენობრივ მახასიათებელზე, ანუ ამცირებს მის პროდუქციას. თუ გამოსხივება მცირე რაოდენობითაა, სპერმის რაოდენობრივი მონაცემები დროთა განმავლობაში აღდგება და დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას, ხოლო თუ გამოსხივება დიდია, ცვლილებები შეიძლება იყოს შეუქცევადი.
  • სათესლე ჯირკვლების გადახურება. მომატებულმა ტემპერატურამ შეიძლება შეასუსტოს სპერმის პროდუქცია და ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ, არ არის რეკომენდებული საუნებისა და ცხელი აბაზანების ხშირი მოხმარება. თუმცა, სამეცნიერო კვლევები ლიმიტირებულია და არ არსებობს საკმარისი სამედიცინო მტკიცებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში უპირატესად ზიხართ და ატარებთ ვიწრო შარვლებს, თქვენ გაქვთ მომატებული რისკი სათესლე ჯირკვლების გადახურების, რის გამოც შეიძლება მსუბუქად შემცირდეს სპერმის პროდუქცია.

ცხოვრების წესი და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მამაკაცის უნაყოფობაზე არის:

  • კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება. მაგალითად, ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც გამოიყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად, იწვევს სათესლე ჯირკვლების შეჭმუხნვას და სპერმის პროდუქციის დაქვეითებას. ზოგიერთი ნევროლოგიური მედიკამენტი იწვევს სქესობრივ დისფუნქციას და შესაბამისად მამაკაცის უნაყოფობას. ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებები, როგორებიცაა კოკაინი და მარიხუანა, გავლენას ახდენს როგორც სპერმის პროდუქციაზე, ასევე მის ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეული ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია და მათი მოხმარების შეწყვეტის შემთხვევაში, უბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას.
  • ალკოჰოლის მოხმარება. ალკოჰოლური ნივთიერებები იწვევს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ერექციული დისფუნქციითა და სპერმის პროდუქციის დაქვეითებით. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, აგრეთვე, შეიძლება გახდეს მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი.
  • თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მოხმარება, იწვევს სპერმის რაოდენობის შემცირებას.
  • წონა. სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა რამდენიმე მექანიზმით, მათ შორის ჰორმონალური ცვლილებებითა და უშუალოდ სპერმის მახასიათებლების ცვლილებით.

ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე

დაგვიკავშირდით: 2 99 08 53 

მის: დიღომი,ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5 

 

 

Share
ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ჟორდანიას კლინიკა +995 32 2 99 08 53