ვაგინიტი

რეიტინგი:

5
(5)

Გამოქვეყნების თარიღი: 19.07.2021

2,722

ვაგინიტი – დიაგნოზი, რომლის გამოც ქალების 90% ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც მიმართავს გინეკოლოგს.

რა არის ვაგინიტი?

ვაგინიტი არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება მომატებული შეფერილი გამონადენით, წვითა და ქავილით. მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, არის საშოს ფლორის ბალანსის დარღვევა ან ინფექცია. მენოპაუზის შემდგომ ესტროგენის დეფიციტმა და ზოგიერთმა დერმატოლოგიურმა დაავადებამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვაგინიტი.

ვაგინიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ბაქტერიული ვაგინოზი. ის ვაგინიტების 50%–ს შეადგენს და მისი გამომწვევი მიზეზია საშოს ფლორის დისბალანსი. კერძოდ, დამცველობითი ლაქტობაცილების  რაოდენობა მცირდება, რის ხარჯზეც ანაერობული ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და შედეგად დგება ბაქტერიული ვაგინოზი. ეს პრობლემა ძირითადად სქესობრივად აქტიურ ქალბატონებშია აქტუალური, თუმცა ბაქტერიულ ვაგინოზს ვხვდებით სქესობრივად არააქტიურ პაციენტებშიც.
  • კანდიდოზური ვაგინიტი. ის ვაგინიტების მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შეადგენს მის 15–20%–ს. მისი გამომწვევი 85–90%–ში არის Candida Albicans და 5–10%–ში – Candida Glabrata ან Candida Parapsilosis. კანდიდოზური ვაგინიტი საშოს ფლორაში სოკოს გამრავლებით არის გამოწვეული, რასაც საფუძვლად უდევს ფლორის დისბიოზი.
  • ტრიქომონიაზი. გამოწვეულია ერთუჯრედიანი პარაზიტი Trichomonas Vaginalis – ით, რომელიც სქესობრივი კონტაქტით გადადის. ვაგინიტების 15–20% სწორედ ტრიქომონიაზის გამოვლინებაა. მამაკაცებში ხშირად ეს ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ქალბატონებში, როგორც წესი, ინფექცია სიმპტომურია, თუმცა შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.
  • მენოპაუზის შემდგომი ატროფიული ვაგინიტი. ფიზიოლოგიური ან ხელოვნური მენოპაუზა, როდესაც ესტროგენის რაოდენობა ორგანიზმში მცირდება, იწვევს საშოს ლორწოვანი გარსის გათხელებას და შედეგად მის გაღიზიანებას, წვასა და სიმშრალეს.

ვაგინიტის სიმპტომებია:

  • ვაგინალური გამონადენის რაოდენობის, ფერისა და სუნის ცვლილება
  • ადგილობრივი გაღიზიანება, სიწითლე და ქავილი
  • სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილი
  • ტკივილი მოშარდვის დროს
  • სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი საშოდან, რომელიც არ ემთხვევა მენსტრუალურ პერიოდს

ვაგინიტის 7–72% შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ!

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გამონადენის სპეციფიურმა მახასიათებლებმა

შეიძლება მიგვანიშოს რა ტიპის ვაგინიტთან გვაქვს საქმე. მაგალითად:

  • ბაქტერიულ ვაგინოზზე მიგვანიშნებს გამონადენი თუ ის არის მომწვანო–მოყვითალო, აქვს თევზის სუნი და სქესობრივი კონტაქტის შემდგომ უფრო ჭარბია.
  • კანდიდოზურ ვაგინიტზე მიგვანიშნებს გამონადენი თუ ის არის თეთრი, სქელი, ხაჭოსებრი და თან ახლავს ქავილი.
  • ტრიქომონიაზზე მიგვანიშნებს გამონადენი თუ ის არის მოყვითალო–მომწვანო და პერიოდულად ქაფიანი.

როდის უნდა მიხვიდეთ ექიმთან კონსულტაციაზე?

  • თუ გაქვთ ჭარბი, უსიამოვნო სუნის შეფერილი გამონადენი საშოდან ან ქავილი;
  • თუ არასოდეს გქონიათ ვაგინალური ინფექცია. ასეთ შემთხვევაში ექიმი დაგეხმარებათ განსაზღვროთ როდის უნდა მიაქციოთ ყურადღება გამონადენს;
  • ანამნეზში გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
  • თუ გყავდათ რამოდენიმე პარტნიორი ან ამჟამად გყავთ ახალი პარტნიორი;
  • თუ ჩაიტარეთ მკურნალობა, მაგრამ სიმპტომები კვლავ გრჩებათ;
  • თუ გაქვთ სიცხე, შემცივნება ან ტკივილი მენჯის არეში;

დაავადების განვითარების რისკ–ფაქტორებია:

  • ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსის ცვლილება. მაგ: ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება, მენოპაუზა;
  • სქესობრივი აქტივაცია;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ანამნეზში;
  • კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება. მაგ: ანტიბიოტიკები, სტეროიდები;
  • სპერმიციდების გამოყენება;
  • არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • ისეთი ჰიგიენური პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა: ტამპონი, ყოველდღიური საფენი, საშოს დეოდორანტი და ა.შ.
  • დუშინგი გადამეტებული სიხშირით;
  • ნესტიანი და მჭიდრო ტანსაცმლის ტარება;
  • საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება;

რა უნდა გააკეთოთ ვაგინიტის საპრევენციოდ?

  • თავი აარიდეთ ცხელ აბაზანებსა და წყლის სპა პროცედურებს;
  • თავი აარიდეთ ისეთი გამღიზიანებლების გამოყენებას, როგორებიცაა: ოდორირებული ტამპონები და ყოველდღიური საფენები, ოდორირებული საპნები და საშოს დეოდორანტები, ანტიბაქტერიული მოქმედების საპნები;
  • თავი აარიდეთ ხშირ დუშინგს. ის ხელს უწყობს საშოს მიკრობიომის განადგურებას, რაც საფუძვლად უდევს ბაქტერიულ ვაგინოზს;
  • გამოიყენეთ ლატექსის კონდომი;
  • ატარეთ ბამბის/კოტონის საცვლები.

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ტელ: 2  99 08 53

მის:დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

საქართველოს მისამართი 1

თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა #1

ტელეფონი

+995 32 2 99 08 53+995 599 123 434

ელ.ფოსტა

info@zhordaniaclinic.ge

საქართველოს მისამართი 2

ვაკე, ი.მოსაშვილის ქუჩა 12

ტელეფონი

+995 32 2 24 32 32

2024 © Ყველა უფლება დაცულია. ZHORDANIA CLINIC - რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
Чат с менеджером